სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 57-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ბავშვი გახდა. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.

საკუთარ ნათლულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პირადად დალოცავს. ილია მეორეს სამების ტაძარში 20:00 საათისთვის, ნათლობის რიტუალის დასრულების შემდეგ ელოდებიან.

საყოველთაო ნათლობის იდეა კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 37 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.