სამცხე-ჯავახეთში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა
სამცხე-ჯავახეთში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხუთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90 პროცენტიანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 200-ზე მეტი მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი, 1700-ს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 3500 ჰა-ზე მეტი სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდასა და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.

დატოვე კომენტარი