სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ ის ობიექტები დაათვალიერეს, სადაც უახლოეს მომავალში ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

გუბერნატორმა მეორე საჯარო სკოლასთან მდებარე სანიაღვრე არხის კოლექტორი, რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელი კიბე, თამარაშვილის ქუჩაზე რეაბილიტირებული სკვერი და საბარგო სადგურის დასახლებაში ექვსი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის ხელოვნურ ტბაზეც იმყოფებოდა, რომლის ნავმისადგომსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ნავებისთვის ახალი ბაქანი მოეწყობა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა 9 აპრილის ქუჩაზე, ახალაშენებული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაც მოინახულა, სადაც სკვერის მოწყობა იგეგმება – აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში ბესიკ ამირანაშვილი მერთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გეგმავს შეხვედრას, სადაც ქალაქის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა იმსჯელონ.