სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი - კანონის შესაბამისი ღონისძიებები გატარდება ყველას მიმართ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი - კანონის შესაბამისი ღონისძიებები გატარდება ყველას მიმართ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს

ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის არ არსებობს პრივილეგირებული თანამდებობის პირები და ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, მათ მიმართ კანონის შესაბამისი ღონისძიებები გატარდება, – ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა.

გუბერნატორი ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს.

სამწუხარო ფაქტია, ადამიანურად მიმძიმს კიდეც ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, თუმცა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის არ არსებობს პრივილეგირებული თანამდებობის პირები და ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, მათ მიმართ კანონის შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

რაც შეეხება ბორჯომის მერს, მასთან ინტენსიური, ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა. ის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრია, ქართული ოცნების. საკრებულოს თავმჯდომარეს რაც შეეხება, ჩვენს რეგიონში ერთადერთი ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარე იყო და იგი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიას, მერის მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს და არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობასაც მისი მოადგილე შეასრულებს“, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.