სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი - ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი - ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესო ამირანაშვილის ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძრის ქრობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ცეცხლი ტყე-ბუჩქნარს უკიდია.

როგორც გუბერნატორმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ამირანაშვილის თქმით, ვერტმფრენის ჩართულობა ამ ეტაპზე საჭირო არ არის

„ამ ეტაპზე მიდის ქრობითი სამუშაოები. სახანძრო სამაშველო სამსახური მობილიზებულია სრულად. როგორც მათგან მაქვს ინფორმაცია, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის. აქტიურად მიდის ქრობითი სამუშაოები. ცეცხლი უკიდია ტყე-ბუჩქნარს.

ვერტმფრენის ჩართულობაც ამ ეტაპზე საჭირო არ არის. ვფიქრობთ, ხვალ დილით უნდა მოხდეს სრულად ლოკალიზება. მოსახლეობისგან საკმაოდ შორს არის. არ არსებობს არანაირი საშიშროება იმისა, რომ მოსახლეობის პერიმეტრში მოხდეს ხანძრის გავრცელება. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა გუბერნატორმა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარია.