„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე განმარტავს, რომ მონაცემების დათვლისას ბათილი ბიულეტენები შეიყვანეს, რამაც „გამოიწვია პატარა სხვაობა სამი პარტიის შემთხვევაში“. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, შიდა აუდიტი ზოგადად არის „სამართლიანი არჩევნების“ სტანდარტი, რასაც ორგანიზაცია ახორციელებს ყველა არჩევნებზე.
„შესაბამისად, ეს არჩევნებიც გამონაკლისი ვერ იქნებოდა, მით უმეტეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო. ეს აუდიტი არის ძალიან მასშტაბური და რამდენიმეეტაპიანი, რამდენჯერმე ხდება მონაცემების გადამოწმება. ვინმემ არ წამოიდგინოს, რომ ერთ და ორ დღეში ხორციელდება. სრულყოფილი აუდიტი ტარდება, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს ყველა შესაძლო ხარვეზი და ზუსტად დადგინდეს მონაცემები.
ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური კამპანია წარიმართა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც ძალიან ცდილობდა, რომ საზოგადოების მთელი ყურადღება და ინტერესი მიემართა ამ საკითხისადმი და მანიპულირება ხდებოდა ამ თემით, რამაც პირადად ჩემში და ორგანიზაციაში გააჩინა სერიოზული შთაბეჭდილება, რომ ისინი უბრალოდ ცდილობდნენ საზოგადოებას დავიწყებოდა ის პრობლემები, რაც რეალურად დაფიქსირდა ამ არჩევნებზე. ეს არის დისბალანსები შემაჯამებელ ოქმებში, გადაკეთებული შემაჯამებელი ოქმები, კარუსელები, რაზეც ვსაუბრობდით, საჩივრების განხილვის საშინელი სტანდარტი და ზოგადად, სისტემური პრობლემები, რაც ამ არჩევნებზე ძალიან კარგად დაინახა საზოგადოებამ. საერთოდ იგნორირება მოხდა აი, ამ თემის და ძალიან გაბუქება, გაზვიადება იმ საკითხის, რომ თითქოს ჩვენი და ცესკო-ს მონაცემებში ცდომილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი თემა ამ არჩევნებზე.
კარგად რომ ავუხსნათ მოქალაქეებს, კი მძიმე ფაქტია ორგანიზაციისთვის, რომ გამოვლინდა ასეთი ხარვეზი ჩვენს პროგრამაში და მოხდა ბათილი ბიულეტენების დათვლა, მაგრამ რეალურად, ამის გათვალისწინებითაც კი, ეს ცდომილება იყო იმდენად პატარა, რომ მანდატების რაოდენობაზე არც ერთი პარტიის, მათ შორის „ქართული ოცნების“, არანაირ გავლენას არ ახდენს. ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, დარწმუნებული ვარ, კარგად ექნებათ დათვლილი“, – აცხადებს ელენე ნიჟარაძე.
მისი თქმით, ამ ხარვეზით თუ ამ ხარვეზის გარეშე, ყველა პარტიის მანდატების რაოდენობა არის იგივე.
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ, რამდენი მანდატით არიან პარტიები წარმოდგენილი პარლამენტში და ეს მანდატები არ იცვლება. ჩვენ აუცილებლად უნდა მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია, რომ ეს შეცდომაში შეყვანა და რაღაცებიდან ყურადღების გადატანა და არასწორი აქცენტების გაკეთება არ მომხდარიყო, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ძალიან არაკეთილსინდისიერი საქციელია და საზოგადოება ამას უბრალოდ არ იმსახურებს.
სწორედ ეს იყო მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ამ საკითხის გაზვიადება მომხდარიყო. ეს არც არასდროს წარმოადგენდა გაყალბების მტკიცებულებას. ეს მანდატების რაოდენობაზე გავლენას არ ახდენს და ის, რაც მანდატების რაოდენობაზე გავლენას არ ახდენს, არ შეიძლება ამას ამხელა მნიშვნელობა მიენიჭოს, როცა რაღაც ძალიან პატარა პროცენტულ სხვაობაზე იყო საუბარი. როდესაც სავარაუდო გაყალბებაზეა ლაპარაკი, ეს ეხება რვაპროცენტიან დისბალანსებს, კარუსელებს, რაც შოკისმომგვრელი იყო, მე მგონი, ყველასთვის. მე რაც არჩევნებზე ვმუშაობ, არ მახსოვს რომ კარუსელი დაგვეფიქსირებინოს. რაც ამ არჩევნებზე მოხდა გამაოგნებელია, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის რვაპროცენტიანი დისბალანსები, რაც ოქმებში დადგინდა, გადასწორებები და ა.შ. ჩვენ გაგვიჩნდა შთაბეჭდილება, რომ მმართველს პარტიას სურდა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა და სრული იგნორირება, გადაფარვა მოეხდინა მიზანმიმართულად იმ თემებისა და პრობლემების, რაც რეალურად ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ნიჟარაძე.
შეკითხვაზე, არსებული ხარვეზი იყო ტექნიკური თუ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული, ნიჟარაძე ამბობს: „მეთოდოლოგიას არანაირი ხარვეზი არ ჰქონია, აქ უბრალოდ პროგრამაში იყო დაშვებული ცდომილება, როდესაც ბათილი ბიულეტენები იქნა შეყვანილი და ამ ბათილი ბიულეტენებით მოხდა მონაცემების დათვლა. აი, ამან გამოიწვია ეს პატარა სხვაობა სამი პარტიის შემთხვევაში“.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებაც:
„მათი მხრიდან იყო თხოვნა და აინტერესებდათ ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) შესახებ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ და ნებისმიერ მხარეს, ვისაც აინტერესებს PVT, თუ რაღაც საკითხი ჩვენს ანგარიშთან დაკავშირებით, ან ნებისმიერ სხვა თემაზე, რაზეც ორგანიზაცია მუშობს, ვართ სრულიად ღია. ჩვენი ვალდებულებაცაა, რომ ნებისმიერს შევხვდეთ, იქნება ეს მმართველი პარტია, ოპოზიციური პარტია, მედია თუ ვინმე სხვა დაინტერესებული მხარე, მივაწოდოთ ინფორმაცია.
მე შევხვდი პირადად, რაღაც კითხვები ჰქონდათ, ვისაუბრეთ. მათი მხრიდან იყო მოთხოვნა, რაც გააჟღერეს კიდევაც, რომ PVT უბნები მიგვეწოდებინა, სადაც PVT დაკვირვება ხორციელდებოდა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. უნდოდათ, მაგრამ მიიღეს უარი, იმიტომ არა, რომ ამ შემთხვევაში მმართველი პარტია იყო, ნებისმიერ სხვა პარტიას რომ მოეთხოვა, მედიას ან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, თუნდაც ჩვენს პარტნიორს საია-ს, იქნებოდა უარი, რადგან ეს არის კონფიდენციალური“, – აცხადებს ნიჟარაძე.
კიდევ ერთ შეკითხვაზე, რომლის შესახებაც მიდის საუბრები, ხომ არ ჰქონია ზეწოლას ადგილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, ნიჟარაძე აცხადებს: „გამორიცხულია, არა, რა ზეწოლა. ეს ასე რომ ყოფილიყო, მივაწვდიდი ინფორმაციას. არა, გამორიციხულია ზეწოლაზე საუბარი, ძალიან ისეთი კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა. კითხვები ჰქონდათ, ვუპასუხე, მათთვის შეიძლება, დამაკმაყოფილებელი არ იყო და უნდოდათ ეს უბნები, მაგრამ არავინ არ იღებს ამ უბნებს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ვერავის ვერ მივაწვდით ამ უბნებს, რადგან ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია“, – აცხადებს ელენე ნიჟარაძე.
ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.