„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი - გამორიცხულია „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლაზე საუბარი, კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მათთან შეხვერდრაზე პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდა. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
„მათი მხრიდან იყო თხოვნა და აინტერესებდათ ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) შესახებ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ და ნებისმიერ მხარეს, ვისაც აინტერესებს PVT, თუ რაღაც საკითხი ჩვენს ანგარიშთან დაკავშირებით, ან ნებისმიერ სხვა თემაზე, რაზეც ორგანიზაცია მუშობს, ვართ სრულიად ღია. ჩვენი ვალდებულებაცაა, რომ ნებისმიერს შევხვდეთ, იქნება ეს მმართველი პარტია, ოპოზიციური პარტია, მედია თუ ვინმე სხვა დაინტერესებული მხარე, მივაწოდოთ ინფორმაცია.
მე შევხვდი პირადად, რაღაც კითხვები ჰქონდათ, ვისაუბრეთ. მათი მხრიდან იყო მოთხოვნა, რაც გააჟღერეს კიდევაც, რომ PVT უბნები მიგვეწოდებინა, სადაც PVT დაკვირვება ხორციელდებოდა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. უნდოდათ, მაგრამ მიიღეს უარი, იმიტომ არა, რომ ამ შემთხვევაში მმართველი პარტია იყო, ნებისმიერ სხვა პარტიას რომ მოეთხოვა, მედიას ან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, თუნდაც ჩვენს პარტნიორს საია-ს, იქნებოდა უარი, რადგან ეს არის კონფიდენციალური“, – აცხადებს ნიჟარაძე.
კიდევ ერთ შეკითხვაზე, რომლის შესახებაც მიდის საუბრები, ხომ არ ჰქონია ზეწოლას ადგილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, ნიჟარაძე აცხადებს: „გამორიცხულია, არა, რა ზეწოლა. ეს ასე რომ ყოფილიყო, მივაწვდიდი ინფორმაციას. არა, გამორიცხულია ზეწოლაზე საუბარი, ძალიან ისეთი კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა. კითხვები ჰქონდათ, ვუპასუხე, მათთვის შეიძლება, დამაკმაყოფილებელი არ იყო და უნდოდათ ეს უბნები, მაგრამ არავინ არ იღებს ამ უბნებს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ვერავის ვერ მივაწვდით ამ უბნებს, რადგან ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია“, – აცხადებს ელენე ნიჟარაძე.
ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.