"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში რაიმე მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევებს ადგილი არ ქონია
"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში რაიმე მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევებს ადგილი არ ქონია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების პირველი ტურის მსგავსად,”სამართლიანი არჩევნები” ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით აკვირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, რაიმე მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევებს საარჩევნო უბნებზე ადგილი არ ქონია, თუმცა იყო რამდენიმე პროცედურული დარღვევა, კერძოდ, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის 44-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინის გარეშე შემოხაზა, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილში.

“სამართლიანმა არჩევნებმა” მარკირების შემოწმების პროცედურის დარღვევაც დააფიქსირა ოზურგეთში, ასევე ქუთაისის 76-ე უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის ნაცვლად ოჯახის სხვა წევრი შეიყვანეს და რეალურ ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა. კიდევ ერთი პროცედურული ხასიათის დარღვევა “ნაციონალური მოძრაობის” წევრზე დაფიქსირდა, რომელიც ქუთაისში საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის ფუნქციას უფლებამოსილების შეწყვეტის მიუხედავად ასრულებდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგანაც ისინი პროცედურული ხასიათისაა.

“სამართლიანი არჩევნები” არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში ახორციელებს და 317 უბანს აკვირდება.