„სამართლიანი არჩევნები“ - საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა ძირითადად კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა
„სამართლიანი არჩევნები“ - საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა ძირითადად კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) შეფასებით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა.

თუმცა, ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს პრობლემური იყო ხმის მიცემის ფარულობის, მარკირების და წილისყრის წესის, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების და სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები.

მათივე ინფორმაციით, გამოვლინდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის, ფიზიკური შეურაცხოფის და მუქარის შემთხვევები.

„განსაკუთრებულად პრობლემური იყო რიგ უბნებსა და მათ მიმდებარედ ფიზიკური დაპირისპირების და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები.

საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მასიური სახე ჰქონდა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებისა და კოორდინატორების მობილიზებას, რომლებიც უბნებზე მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებაა. არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები და ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წამოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე.

ტენდენციის სახით გამოვლინდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის, ფიზიკური შეურაცხოფის და მუქარის შემთხვევები. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს არ დაუშვან მსგავსი ქმედებები.

ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 85 საჩივარი, საოლქო კომისიებში – 89 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 36 შენიშვნა“, – აცხადებენ ორგანიზაციებში.

დატოვე კომენტარი