„სამართლიანი არჩევნები“ - პარალელური დათვლის გაყალბებაზე ირაკლი კობახიძის ბრალდება მიზნად ისახავს ზეწოლას და ორგანიზაციის რეპუტაციის დაზიანებას
„სამართლიანი არჩევნები“ - პარალელური დათვლის გაყალბებაზე ირაკლი კობახიძის ბრალდება მიზნად ისახავს ზეწოლას და ორგანიზაციის რეპუტაციის დაზიანებას

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ორგანიზაციაზე ზეწოლად აფასებს.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაშია აღნიშნული, ხმების პარალელური დათვლის გაყალბების თაობაზე ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებები მიზნად ისახავს ორგანიზაციის რეპუტაციის დაზიანებას და მისი საქმიანობის პარალიზებას.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ ბრალდებას ხმების პარალელური დათვლის (PVT) გაყალბების თაობაზე, რაც კიდევ ერთხელ გაისმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემდეგ.

კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განუწყვეტელი მცდელობა, უსაფუძვლო ბრალდებებით დააზიანოს ორგანიზაციის რეპუტაცია. აღნიშნული მიზნად ისახავს „სამართლიან არჩევნებზე“ ზეწოლას, ორგანიზაციის საქმიანობის პარალიზებას და ემსახურება არჩევნების დაკვირვების იდეის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამგვარი რიტორიკა არ არის შემთხვევითი და სახელმწიფოს წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, საზოგადოების ყურადღებას არასწორ მხარეს მიმართავს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ არაერთხელ განმარტა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ხმების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ბოლო 18 წლის განმავლობაში ახორციელებს ხმების პარალელურ დათვლას მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. პროცესი სრულიად დამოუკიდებელია და დაცულია ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ამაზე მეტყველებს, წლების განმავლობაში, საზოგადოების მიერ გამოხატული ნდობა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.

მიუღებელია, ხმების პარალელური დათვლის შედეგების დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გამოვლენილ ხარვეზზე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პასუხისმგებლობის აღების უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენდა მისი გასწორება და აღმასულებელი მენეჯმენტის ცვლილება.

ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.