„სამართლიანი არჩევნები“ – ევროპულმა სასამართლომ ხუთი სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო

11:00, 29.06.2026

25 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ და „საფარის“ საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივარი დააკომუნიცირა, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას გულისხმობს. ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორგანიზაციებმა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბერს მიმართეს.

„აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება, ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.

საქმის არსებითი განხილვის ამ რეჟიმში დაწყება მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას, ადამიანის უფლებადაცვითი საქმიანობის კრიმინალიზებასა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების დევნას, დაექვემდებარება საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას და ვერ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი