სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა

ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლიკვიდაცია მცირე ხნის დევნის შემდეგ, გვადალუპეს სიახლოვეს მოხდა. როგორც CNN-ს ადგილობრივი შერიფის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა, თუ თავი მოიკლა.

საზერლენდ სპრინგსი პატარა ქალაქია, რომლის მოსახლეობა რამდენიმე ასეულ ადამიანს შეადგენს. ის სან ანტონიოდან 50 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. თავდასხმის გამოძიებაში ჩართულია ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სან ანტონიოს ფილიალიც.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც ამჟამად აზიის ტურში იმყოფება, მომხდარს Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„ღმერთი იყოს საზერლენდ სპრინგსის ხალხის გვერდით. FBI და სხვა სამართალდამცავები ადგილზე იმყოფებიან. მე სიტუაციას იაპონიიდან ვადევნებ თვალს“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

თავდასხმას სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა.

შეიარაღებული პირი ეკლესიაში საკვირაო მესის დროს, დაახლოებით 11:30 საათზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სან ანტონიოს ფილიალში აცხადებენ, რომ ადგილზე მუშაობენ აგენტები, თუმცა თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. FBI-ში ასევე ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთი იყო, ისინი სხვა ვერსიებზეც მუშაობენ.