სამართალდამცველზე თავდასხმაში ბრალდებულის, საბა ჯიქიას საქმეზე მოსამართლე განაჩენს, სავარაუდოდ, 10 ივლისს გამოაცხადებს
სამართალდამცველზე თავდასხმაში ბრალდებულის, საბა ჯიქიას საქმეზე მოსამართლე განაჩენს, სავარაუდოდ, 10 ივლისს გამოაცხადებს

სამართალდამცველზე თავდასხმაში ბრალდებულის, 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენს, სავარაუდოდ, 10 ივლისს გამოაცხადებს.

მოსალოდნელი იყო, რომ მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებდა, თუმცა თამარ მჭედლიშვილმა თქვა, რომ 12:00 საათზე ჯგუფურ თავდასხმაში ბრალდებული რვა პირის პროცესი ჰქონდა ჩანიშნული, საბა ჯიქიას საბოლოო სიტყვას ვერ მოუსმენს და სხდომას ვეღარ გააგრძელებს.

მანამდე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა და საბა ჯიქიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი მოითხოვა. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა პროკურატურის მიერ იმ მოწმეების ჩახსნა გააპროტესტა, რომლებმაც, მისი თქმით, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და შეკითხვებს იწვევდა.

ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წინა სხდომაზე წარმოთქვა. ბრალდების მხარის თქმით,  საბა ჯიქიამ წაქცეულ სპეცრაზმელს წიხლი ჩაარტყა.

საბა ჯიქიას 2024 წლის 1-ელ დეკემბერს სპეცრაზმელზე თავდასხმას ედავებიან.