სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: „მეთადონი“, „მეფედრონი“, „მდმა“, „კლეფედრონი“ და „კეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.