სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, კახეთის, იმერეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, 4 პისტოლეტი, რევოლვერი, მჭიდები და 265 ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.