სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორების გამოყენებით ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ. სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ბრალდებულები კუსტარული ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 20 კილოგრამამდე წონის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.