სამართალდამცველებმა ფონიჭალაში ცხრა ნარკორეალიზატორი დააკავეს [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში ცხრა ნარკორეალიზატორი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სისტემატიურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში ცხრა ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ვ.პ., 1994 წელს დაბადებული ა.მ., 2001 წელს დაბადებული ა.ი., 1998 წელს დაბადებული ლ.ა., 1973 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებული ე.მ., 1982 წელს დაბადებული ე.ფ., 1989 წელს დაბადებული დ.მ. და 1993 წელს დაბადებული რ.ა.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სისტემატიურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 94 შეკვრა „ჰეროინი“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“, 16 000 ლარამდე თანხა და მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეოთხე ნაწილით, მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში.