სალუქვაძე კვარაცხელიას დროებით დარჩენას ურჩევს, სიომინი - ნიდერლანდებში თამაშს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მცველმა, ლაშა სალუქვაძემ Metaratings.ru-სთან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე.
„ახლა ხვიჩა საქართველოში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია და ყველას აინტერესებს, განსაკუთრებით ეროვნული გუნდის საგაზაფხულო მატჩების შემდეგ. მე მამამისს ვიცნობ. თუ ის ამბობს, რომ ხვიჩა ტოვებს რუსეთს, მაშინ ასეც იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, ცუდი არ იქნებოდა, კიდევ კიდევ ექვსი თვე ან ერთი წელი სლუცკის „რუბინში“ ეთამაშა, იქ მომატებას შეძლებს“, – ამბობს სალუქვაძე.
საქართველოს ნაკრების ვეტერანის თქმით, ხვიჩას შუალედური კლუბი სჭირდება: „თუ ის გუნდს დატოვებს, იმედი მაქვს, რომ ის არ წავა ტოპ-კლუბში. მისთვის მნიშვნელოვანია თამაში, „ბაიერნში“ ან „იუვენტუსში“ კი ძალიან რთული იქნება კონკურენციის უცებ დაძლევა. ვისურვებდი, რომ წავიდეს ლევერკუზენის „ბაიერში“, „სევილიაში“ ან ამ დონის სხვა გუნდში მოხვდეს. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯიც იქნება და ამავე დროს კვლავ ექნება ზრდის შანსი. მისთვის დიდ ტოპ კლუბებში გადასვლა ნაადრევია“.
იყო თუ არა პოლიტიკური ელფერი ხვიჩას განცხადებაში, რომ ის რუსეთს აუცილებლად დატოვებდა: „რუსეთმა ხვიჩას განვითარებისთვის ბევრი რამ მისცა და თუ რუსეთი არ აწყობდა, კვარაცხელია თქვენს ქვეყანაში მაშინვე არ წამოვიდოდა. მე ვფიქრობ, რომ ბადრი რუსეთთან მიმართებაში ცუდს არაფერს გულისხმობდა. ხვიჩას წვლილი „რუბინის“ წარმატებაში დიდია, მაგრამ არა – ყველაზე მნიშვნელოვანი. მთელ გუნდს ჰქონდა შესანიშნავი სეზონი, მაგრამ წარმატებული სეზონის მთავარი ფაქტორი სლუცკი იყო. ამ სეზონში „რუბინის“ უამრავ შეხვედრას ვუყურე და გუნდის თამაში ძალიან მომეწონა. ვულოცავ კლუბს, ყველა გულშემატკივარს და ყაზანს ევროპაში დაბრუნებას“, – თქვა სალუქვაძემ.
„ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა კი „სპორტ ეკსპრესთან“ განაცხადა, რომ კვარაცხელიას ნიდერლანდებში გადასვლას ურჩევდა.
„ხვიჩა ევროპულ ჩემპიონატში გადასასვლელად მომწიფდა. მას ამისთვის ყველა თვისება აქვს, მაგრამ კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს, ტოპ კლუბში რომ ითამაშოს. რას ნიშნავს, რომ მან რუსეთის ჩემპიონატს გადააჭარბა? ამას ვერ ვიტყვი. რომელ ჩემპიონატში უნდა წავიდეს? ნიდერლანდებში, იქ გაიტანს, რადგან ბევრი ინდივიდუალური მოთამაშეა, რაც ხვიჩას ხელს შეუწყობს. ამის შემდეგ მას ბევრი დრო ექნება ახალი საფეხბურთო სიბრძნის შესაძენად, რაც მას წინსვლას საშუალებას მისცემს“, – თქვა სიომინმა.