ინგლისური ინტერნეტ-გვერდი - „რუბინი“ მზადაა, კვარაცხელია „ლიდსში“ 20 მილიონად გაყიდოს #1TVSPORT
ინგლისური ინტერნეტ-გვერდი - „რუბინი“ მზადაა, კვარაცხელია „ლიდსში“ 20 მილიონად გაყიდოს #1TVSPORT

ინგლისური ინტერნეტ-გვერდი hitc ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ პრემიერლიგის „ლიდსის“ ინტერესზე წერს და ამტკიცებს, რომ კლუბი ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერისთვის მზადაა.

„ყაზანის „რუბინი“ თანახმაა, ხვიჩა კვარაცხელია მოლაპარაკებების შემდეგ „ლიდსში“ გაყიდოს. რუსული გამოცემების ცნობით, ყაზანელები უკვე ამ ტრანსფერისთვის ემზადებიან. თავიდან „სოკერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ლიდსმა“ უკვე მოლაპარაკება გამართა კვარაცხელიასთან და მის წარმომადგენლებს ვიქტორ ორტა („ლიდსის“ ტექნიკური დირექტორი) ესაუბრა. ამასთან, თავდამსხმელი ბევრ სხვა კლუბსაც სურს – „მილანს, „იუვენტუსს“, „ბაიერნს“ და „აიაქსს“. ახლა უკვე გამოცხადდა, რომ „რუბინი“ კვარაცხელიას საზაფხულო გაყიდვისა და მისი წასვლისთვის უკვე ემზადება“, – წერს ინგლისური გვერდი.

ინტერნეტ-გვერდის მტკიცებით, „რუბინს“ კლუბის ისტორიაში რეკორდული საფასურის მიღება სურს:

„ეს იმას ნიშნავს, რომ ყაზანელები 15.5 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტს ითხოვენ, რაც მათ 2014 წელს სალომონ რონდონისთვის მიიღეს. 20 მილიონი ევრო (17 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ითვლება აბსოლუტურ მინიმუმად „რუბინისთვის“, რაც „ლიდსის“ მიერ რაფინიასთვის გადახდილი საფასურის ოდენობისაა. კვარაცხელია რუსულ ფეხბურთში გამორჩეული ტალანტია. ქართველი უპირატესად მარცხენა ფლანგის თავდამსხმელია, რომელიც მარჯვენა ფეხით თამაშობს და მას შეუძლია შექმნას საშიში ფლანგების ტანდემი რაფინიასთან ერთად, თუ „ლიდსი“ ამ ბრძოლას მოიგებს“.