სალონიკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა
სალონიკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა.

როგორც გამოცემა Еkathimerini წერს, დემონსტრაციაში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის PAOK-ის გულშემატკივრები მონაწილეობდნენ. მათ ქალაქის საკონფერენციო და საგამოფენო ცენტრის შტურმი სცადეს, სადაც მმართველი პარტია „სირიზა“ მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების პრეზენტაციას მართავდა.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სალონიკში მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ აქცია 24 ივნისსაც გაიმართა.

საბერძნეთსა და მაკედონიაში ნაციონალისტები ეწინააღმდეგებიან ათენსა და სკოპიეს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ახალი სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება.

აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 17 ივნისს მოაწერეს ხელი, რითაც 27-წლიანი დავა დაასრულეს.