ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით, მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმება სალონიკში გააპროტესტეს
ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით, მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმება სალონიკში გააპროტესტეს

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, დემონსტრანტები სალონიკში მაკედონიის საკონსულოსთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი საბერძნეთის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების ოფისებთან გადაინაცვლეს.

დემონსტრაციაში ხუთი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარტიის ოფისებს ბოთლები და სკამები ესროლა, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სამართალდამცველების განცხადებით, აქციის დროს არავინ დაშავებულა და დაკავებულიც არავინაა.

საბერძნეთსა და მაკედონიაში ნაციონალისტები ეწინააღმდეგებიან ათენსა და სკოპიეს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ახალი სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება.

აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 17 ივნისს მოაწერეს ხელი, რითაც 27-წლიანი დავა დაასრულეს.