სალომე ზურაბიშვილმა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა
სალომე ზურაბიშვილმა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებული მედიის წარმომადგენლებიდან ერთი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ერთს ოპერაცია უტარდება, დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია.

კვლავ კლინიკაში რჩება საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მედიის წარმომადგენლები კლინიკაში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოინახულა.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ, აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლების გადამღებ ჯგუფებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ. ჟურნალისტები ადგილიდან საპატრულო პოლიციამ განარიდა.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.