სალომე ზურაბიშვილმა ლეჩხუმში რაჩხას ჩანჩქერი, მურის ციხე და უსახელოურის ჯიშის ვაზისგან გაშენებული ვენახები დაათვალიერა [ვიდეო]

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რაჩხას ჩანჩქერი დაათვალიერა, რომელიც სოფელ ისუნდერში მდებარეობს, წყალი მთიდან მოედინება და ცხენისწყალში ჩაედინება. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ასევე დაათვალიერა მურის ციხე, რომელიც კლდოვან ქედზეა აშენებული. ამ ადგილიდან კარგად მოჩანს მდინარე ცხენისწყლის ხეობა და ქვემო სვანეთის სოფლები.

სალომე ზურაბიშვილი დღეს ასევე ესტუმრა სოფელ ოყურეშს და ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში, ენდემური ჯიშის ვაზისგან გაშენებული ვენახი და მანაგაძეების მარანი დაათვალიერა, სადაც უსახელოურის ნახევრადტკბილ წითელ ღვინოს ამზადებენ. როგორც გიორგი მანაგაძემ განაცხადა, ღვინო გამოირჩევა თავისი კეთილშობილი, არომატული თვისებებითა და გემური მაჩვენებლებით. მოდის მხოლოდ ამ მიკროზონაში და ძირითადად სოფელ ოყურეშში. ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო დიდ მოწონებას იმსახურებს, როგორც ტურისტებში, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

პრეზიდენტი ლეჩხუმს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა.