სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის Spend Your Summer in Georgia საინიციატივო ჯგუფის წევრები ვილნიუსში და პარიზში დაგეგმილ ვიზიტებზე მიიწვია
სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის Spend Your Summer in Georgia საინიციატივო ჯგუფის წევრები ვილნიუსში და პარიზში დაგეგმილ ვიზიტებზე მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდების ინიციატივა საჭირო და მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა და სურვილი გამოთქვა, კამპანიაში უფრო აქტიურად ჩაერთოს.

„პრეზიდენტის ინიციატივები ეხება საქართველოს ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე. ყოველი საერთაშორისო ვიზიტის დროს, პრეზიდენტი პირადად ხვდება უცხოეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს. ამიერიდან, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, სტუდენტები საკუთარ უნივერსიტეტებში შექმნიან საინფორმაციო ბაზას, რომელიც უცხოელ სტუდენდებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. ასევე, სალომე ზურაბიშვილი მზადაა, ყოველი საერთაშორისო ტრიბუნიდან ხმამაღლა გააჟღეროს მოწვევა, რათა უცხოელმა დიპლომატებს თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გაუჩნდეთ სურვილი – საქართველოში გაატარონ ზაფხული, შემოდგომა თუ სხვა ნებისმიერი სეზონი“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კამპანიის – Spend Your Summer in Georgia აქტივისტებმა სალომე ზურაბიშვილს გააცნეს ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც კამპანია ოთხი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.

Spend Your Summer in Georgia-ს ამ დროისთვის 280 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, პირველი აქტივობა უკვე დაიგეგმა – საქართველოს პრეზიდენტმა სოციალური კამპანიის საინიციატივო ჯგუფის წევრები – მარიამ გუჯაბიძე და მარიამ ჯობავა ვილნიუსში და პარიზში დაგეგმილ ვიზიტებზე მიიწვია.

მარიამ გუჯაბიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ერთვება ასეთ კამპანიაში, რადგან ეს არის ძალიან სწორი და კარგი მესიჯი როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის.

„ქალბატონი სალომე მზად არის, რომ ამ კამპანიის შესახებ საერთაშორისო დონეზე გააჟღეროს, მოიწვიოს საერთაშორისო ვიზიტორები და ასევე ჩვენი კამპანიაც დაპატიჟა საერთაშორისო დონის შეხვედრებზე, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ დაველაპარაკოთ ძალიან საინტერესო ადამიანებს და რეალურად გავაცნოთ ინფორმაცია ჩვენი კამპანიის, ქვეყნის და ტურისტული პოტენციალის შესახებ. ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურად გაჟღერდება ეს ყველაფერი როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა მარიამ გუჯაბიძემ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანამ სხვებს მოუწოდებდა, მან და მისი ოჯახის წევრებმა უკვე დაიწყოს კამპანიის მხარდაჭერა. მისი შვილები და რძალი შვებულებას საქართველოში ატარებენ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.

საინიციატივო ჯგუფის წევრმა მარიამ ჯობავამ პრეზიდენტს სამომავლო გეგმები გააცნო.

„ვგეგმავთ გავაგრძელოთ კამპანია. შემდგომი იქნება შემოდგომა. პრეზიდენტსაც გავუზიარეთ, თუ რას ვგეგმავთ საინიციატივო ჯგუფის წევრები და მისი მხრიდანაც სრული მზაობა გამოითქვა, რომ ჩვენს კამპანიას მხარს დაუჭერს და სხვა სეზონების განმავლობაშიც შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა მან.

დატოვე კომენტარი