სალომე ზურაბიშვილმა გურიის რეგიონში საქუხიას კანიონი და ოქონის მონასტერი დაათვალიერა
სალომე ზურაბიშვილმა გურიის რეგიონში საქუხიას კანიონი და ოქონის მონასტერი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ადგილობრივი ტურიზმის გახსნისა და მხარდაჭერის ფარგლებში, დღეს გურიის რეგიონში სოფელ აცანას ესტუმრა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე აცაურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 150 მეტრზე მდებარეობს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მდინარე აცაურას თითქმის მთლიან სიგრძეზე, 16 კილომეტრზე მიუყვება საქუხიას კანიონი, სადაც ჩაედინება საქუხიას ჩანჩქერი.

როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, გურიის რეგიონი ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარია ბუნებით: ლამაზი მდინარეებით, კანიონებითა და ჩანჩქერებით საინტერესო ადგილია ტურისტებისა და ადგილობრივი ვიზიტორებისათვის, რაც ტურიზმის განვითარებით სოფლის გაძლიერებისათვის შესანიშნავ საფუძველს ქმნის.

სოფელი მრავალფეროვანია ასევე ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. სოფელში, ოქონას მთაზე დგას შუა საუკუნეების მონასტერი – ოქონის მონასტერი გალავნით.

ადგილობრივების განცხადებით, აქვე ინახება მე-12 საუკუნის საჯილდაო ქვა, რომლის აწევაშიც მამაკაცები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.