სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მოიწვია
სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგახსენოთ და მოგიწვიოთ საქართველოში, როცა გნებავთ, როგორც იქნება თქვენს პროგრამაში საშუალება. ვიცი, რომ თქვენ გაინტერესებთ არამხოლოდ თბილისში ჩამოსვლა, არამედ რეგიონში ჩასვლა და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული, რადგანაც საარჩევნო კამპანიაში, კულტურასთან ერთად, კიდევ ერთი პრიორიტეტი მქონდა, რომ რეგიონების განვითარებას შევუწყოთ ხელი. ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ვიცი, რომ გერმანიის მიწები​ს სტრუქტურა არის დაკავშირების საშუალება და იმედი მაქვს, ამაშიც გვექნება თანამშრომლობის ახალი ტალღა. თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ კუთხით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა ბერლინში, ბელვიუს სასახლეში შედგა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.