სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარი გამართა
სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ესტონეთის პრეზიდენტთან, ალარ კარისთან სატელეფონო საუბარს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„ესტონეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ალარ კარისმა დაადასტურა საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა. გზის, რომელიც ისტორიულად ქართველმა ხალხმა აირჩია“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებაც.

„ქართველმა ხალხმა აირჩია საკუთარი გზა და ის ევროპისკენ მიდის. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე. სატელეფონო საუბარში საქართველოს პრეზიდენტს ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა 12 პრიორიტეტულ რეფორმაზე, რომელიც ევროკომისიამ წარმოადგინა“, – წერს ალარ კარისი „ტვიტერის“ გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის შესახებ წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც.

„განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად. დავარწმუნეთ ის, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის ძალისხმევას. ლიეტუვა მზადაა, დაეხმაროს საქართველოს აუცილებელი რეფორმების გზაზე“, – წერს გიტანას ნაუსედა.