სალომე ზურაბიშვილმა და ეკა ბესელიამ შეხვედრაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის საკითხი განიხილეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში შეხვდა.
როგორც პირველ არხს ბესელიამ განუცხადა, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის საკითხი იყო.
დეპუტატის თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში დაბრუნდება, მსჯელობა გაიმართება იმაზე, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შევიდეს, თუ 2019 წლის ბიუჯეტში.
„სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დაგეგმილი არ იყო. პარლამენტში იყო მოსული და ჩემთან მოვიდა. დიდი ხანია ვმეგობრობთ, ვთანამშრომლობთ და მეგობრული შეხვედრა იყო. ვისაუბრებთ არჩევნებზე, პარლამენტთან მომავალ თანამშრომლობაზე. ყოველდღიური თანამშრომლობა გვექნება, რადგან ყველა კანონი მასთან უნდა გაიგზავნოს”, – აღნიშნა ბესელიამ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრებს რეორგანიზაციის საკითხზეც.
„ამ თემას მოკლედ შევეხეთ, ძალიან სწორი და სამართლიანი პოზიცია აქვს. ყველაფერი კანონის დაცვით უნდა მოხდეს. პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ ჩამოვა და მასთან საუბარი გვექნება. პროცედურულ საკითხებს გადავხედავთ და ამის ჩამოყალიბება ისე მოხდება, რომ არავის უფლება არ დაირღვეს. ამ საკითხებს ამ
კვირაში გავივლით და ვნახავთ, სამართლებრივად ეს საკითხი როგორ შეიძლება მოწესრიგდეს. უნდა ვისაუბროთ, როგორი იქნება უფრო მართებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. პარლამენტის თავმჯდომარის დაბრუნებას ველოდები, რომ ეს საკითხები გავიაროთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ”, – განაცხადა ბესელიამ.
სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საკუთარ თავთან მივიდა.
როგორც დიასპორის საკითხთა კომიტეტის აპარატში აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ კაბინეტში პირადი ნივთები აიღო და უწყებას სწორედ ამ მიზნით ესტუმრა.