სალომე ზურაბიშვილმა არქეოლოგია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა
სალომე ზურაბიშვილმა არქეოლოგია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში არქეოლოგიის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და დარგის განვითარების გეგმებთან დაკავშირებით რამდენიმე მხარდასაჭერი ინიციატივით გამოვიდა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, საერთაშორისო ვიზიტებისას მისი პირადი კონტაქტების გამოყენებით მოხდეს საქართველოში არქეოლოგიური გათხრებით დაინტერესებული ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერება.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მდიდარი ისტორიის ქვეყანაა, ამას მოვლა და განვითარება სჭირდება. მისი თქმით, საჭიროა, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებსაც მეტი რესურსი და ინტერესი აქვთ საქართველოში არქეოლოგიის მიმართულებით.

„გასული წლის დასაწყისიდან ჩემი პატრონაჟით მუშაობს ქუთაისის პოლონურ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიცია, პრეზიდენტს არ გააჩნია დარგის მხარდასაჭერი ფინანსური რესურსი, მაგრამ მე მაქვს ბევრი სხვა რესურსი.

ქვეყნის პრეზიდენტის ინტერესი, ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვა უცხოეთში და მისი კონტაქტები შეიძლება, ერთ-ერთი გზა იყოს, რომ ჩვენ მოვიპოვოთ მეტი პარტნიორი და მეტი თანამშროლობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას, რომ ქართული არქეოლოგიური კვლევები პრეზიდენტის მაღალი რანგის სტუმრების კულტურული პროგრამის ნაწილში შევიდეს.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, პრეზიდენტის სასახლეში გამოიყოფა ასევე, ერთი ადგილი ისრაელსა და პალესტინაში ქართული ექსპედიციისთვის.

„ეს იქნება ასევე პრეზიდენტის მორალური მხარდაჭერა, უცხოეთში ძალიან მნიშვნელოვანი, ქართული ექსპედიციებისთვის, რადგან ქართული კვალის კვლევა უცხოეთში ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას.

პრეზიდენტმა არქეოლოგიის დარგის განვითარებისათვის ქართველი სტუდენტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ სტუდენტებს უნდა დავუბრუნოთ „არქეოლოგიის გემო“ და მივახვედროთ ისინი, რომ არქეოლოგია, არა მხოლოდ ძალიან საინტერესო და მიმზიდველი, არამედ მომავლის პროფესიაცაა.

პრეზიდენტმა არქეოლოგებს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება შესთავაზა, რომელიც არქეოლოგიის სფეროს განვითარებისა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მიმართულებებსა და არქეოლოგიის სფეროს განვითარების კუთხით პრეზიდენტის როლის გამოკვეთაზე იმუშავებს და გარკვეული პერიოდულობით შეიკრიბება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიაში სახელმწიფოს ფინანსური რესურსები ნამდვილად იხარჯება და ფინანსდება არაერთი ექსპედიცია. მისი თქმით, ეს არ არის საკმარისი დარგის სხვა უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად, ამიტომ პრეზიდენტმა აღგვითქვა საერთაშორისო დახმარება და მომავალი თაობების ჩართვისთვის ინიციატივით გამოვიდა.