სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის მონაწილეებს კასპში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის მონაწილეებს კასპში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ

კასპში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრას წინ ინციდენტი უძღოდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება,  შეხვედრის დაწყებამდე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, სიტყვიერი შელაპარაკება  ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშიც  გადაიზარდა.

დეპუტატი ანრი ოხანაშვილი მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციად აფასებს.

„ჩვენ სტაბილური ფორმით ვაწარმოებთ წინასაარჩვენო კამპანიას. მოგეხსენებათ, რომ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, თუმცა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ყოველთვის ცდილობენ პროვოკაციებს და უცენზურო, სალანძღავი სიტყვებით ცდილობენ, გამოიწვიონ საზოგადოება, შექმნან შუღლი და ამით წარმოაჩინონ, თითქოს, ადგილი აქვს არაჯანსაღ საარჩევნო გარემოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების პრინციპია მშვიდობიანი, ევროპული წინასაარჩევნო გარემოს შექმნა.

„ჩვენი პრინციპია მშვიდობიანი, ევროპული წინასაარჩევნო გარემოს შექმნა და  ამ პრინციპს დავიცავთ. ნახეთ, რასაც ჰქონდა დღეს ადგილი. არც ერთ პარტიას არ მივცემთ უფლებას, ასეთი პროვოკაციების ფონზე სცადონ წინასაარჩევნო გარემოს გადაყვანა. ჩვენ მშვიდობიანად, ევროპული სტანდარტების დაცვით წარვმართავთ და გავაგრძელებთ წინასაარჩვენო გარემოს და ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც კასპში იმყოფება.