სალომე ზურაბიშვილი - ზოგიერთის აზრი ეკლესიიდან, რომ ვაქცინა შეიძლება იყოს ცუდი, არის საერო საქმეებსა და ჯანდაცვის კომპეტენციაში ჩარევა
სალომე ზურაბიშვილი - ზოგიერთის აზრი ეკლესიიდან, რომ ვაქცინა შეიძლება იყოს ცუდი, არის საერო საქმეებსა და ჯანდაცვის კომპეტენციაში ჩარევა

ზოგიერთის აზრი ეკლესიიდან, რომ ვაქცინა შეიძლება იყოს ცუდი, არის საერო საქმეებსა და ჯანდაცვის კომპეტენციაში ჩარევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, პატივს სცემს ეკლესიას, თუმცა ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს ყველაფერში არ ეთანხმება.

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ეკლესიას და არა მხოლოდ პატრიარქს და ინსტიტუტს, ეს გამოჩნდა არაერთხელ. აქაც ყველაფერში არ ვეთანხმები. მაგალითად, არ ვეთანხმები, რაც ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი –  ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები „კოვიდის“ პანდემიის წინააღმდეგ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. ჯერ ერთი, აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს, არ ვიცით, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის.

ეს არის უკვე ჩარევა იმაში, რაც არის საერო საქმეები და ჯანდაცვის კომპეტენცია. ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგები. ისედაც გავრცელებულია მოსახლეობაში ნაწილობრივ რუსული ფეიქნიუსები, ნაწილობრივ სხვა,  რომ საერთოდ აცრები არის პრობლემატური, რომ ლუგარის ცენტრი არის მავნებელი, რომელმაც, რეალურად, გადაგვარჩინა ამ სიტუაციაში. ეს არის პირდაპირ დარტყმა საქართველოს დემოგრაფიაზე და ვინმე ამას თუ ვერ ხედავს, დრო არის, გონს მოეგოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.