სალომე ზურაბიშვილი - ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს, საარჩევნო კამპანიაში აგრესიული ფორმით ჩაერიოს, ეს ელჩებისთვის გასაკვირია
სალომე ზურაბიშვილი - ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს, საარჩევნო კამპანიაში აგრესიული ფორმით ჩაერიოს, ეს ელჩებისთვის გასაკვირია

ელჩებს ინფორმაცია მივაწოდე საარჩევნო კამპანიაზე, რომელიც უხამსი სიტყვებითა და აგრესიული ტონალობით მიმდინარეობს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა ელჩებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მის მიმართ ზოგიერთი მედიასაშუალება სიძულვილის ენას იყენებს და შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე ისაუბრეს.

„ელჩებს ინფორმაცია მივაწოდეთ საარჩევნო კამპანიაზე, რომელიც უხამსი სიტყვებითა და აგრესიული ტონალობით მიმდინარეობს. მივაწოდე იგივე ინფორმაცია, რაც გუშინ ვუთხარი ევროკავშირის ელჩებს, რომ წარმოუდგენელია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს, საარჩევნო კამპანიაში ჩაერიოს აგრესიული, ძალადობრივი და მუქარის ტონით. ეს ელჩებისთვის ძალიან გასაკვირია. ამის შესახებ გაკვირვება გამოხატეს როგორც გუშინდელ, ისე დღევანდელ შეხვედრაზე.​ მე მგონი, უკვირთ და სწყინთ, რადგან საქართველოს არ აქვს ასეთი სურათი საზღვარგარეთ. დღეს, როცა როცა იმართება არა პარტიული, არამედ ზეპარტიული პრეზიდენტის არჩევნები, მაინც არის მსგავსი სურათი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.