სალომე ზურაბიშვილი წინანდლის მუზეუმისთვის შარლ დე გოლის წერილების გადაცემას დაესწრო
სალომე ზურაბიშვილი წინანდლის მუზეუმისთვის შარლ დე გოლის წერილების გადაცემას დაესწრო

წინანდლის მუზეუმმა შარლ დე გოლის 16 წერილი და დე გოლების ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები საჩუქრად გენერალ დე გოლის ძმისწულის, როჟე დე გოლის მემკვიდრის, ჟენევიევ დე გოლ-ანტონიოზის შვილის, მხატვარ ფრანსუა მარი ანტონიოზისგან მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.

წერილებისა და სხვა ნივთების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

„ჩემთვის და ყველა ქართველისთვის დიდი პატივია ის, რაც დღეს წინანდალში ხდება, რომელიც საქართველოსთვის ყოველთვის იყო ევროპული კერა და საქართველოსა და ევროპის კულტურებს შორის გადებული ხიდი. ალბათ ვერასოდეს ვიოცნებებდით და მეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი ახალგაზრდობაში, რომ აქ ვიქნებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავესწრებოდი ასეთ ზეიმს – წინანდლის მუზეუმისათვის გენერალ დე გოლის წერილების გადაცემის პროცესს. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია სიმბოლურადაც. გენერალი დე გოლი საფრანგეთის ისტორიაში ძალიან დიდი პიროვნებაა, რომელიც დაკავშირებულია თავისი ქვეყნის განთავისუფლებასა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან. ამდენად, მისი საოჯახო კორესპონდენციის საქართველოში ჩამოტანა ღრმა დანიშნულებას იძენს.

საქართველო და საფრანგეთი ძალიან განსხვავებული და ამავდროულად, ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებული ქვეყნები არიან, თუნდაც იმით, რომ ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ამ ორივე ქვეყნისთვის ყოველთვის იყო მათი იდენტობის განუყოფელი ნაწილი.

ჩვენ კიდევ ერთი რამ გვაკავშირებს – ის ფაქტი, რაც დე გოლის დროს მოხდა, ის ძალიან დიდი საჩუქარი საფრანგეთისგან, როცა საფრანგეთმა დე გოლის პირადი გადაწყვეტილებით დაუბრუნა საქართველოს ის განძი, რომელიც პოლიტიკურ ემიგრაციაში ექვთიმე თაყაიშვილის დიდი ღვაწლით გადარჩა და შენარჩუნდა. დე გოლმა კი, ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით, განძის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც საქართველო არ იყო დამოუკიდებელი, როდესაც ის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.

რაღაც ისტორიული განზომილება არსებობს და მგონია, რომ ძალიან სწორ ადგილზე ჩამოვიდა დე გოლის კორესპონდენცია. აქ ის ძალიან დაფასებული იქნება. საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მუზეუმში მოვა საფრანგეთის ისტორიის ეს ნაწილი დახვედება აქ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.