სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ კოჯორში არის მხოლოდ იუნკერთა მემორიალი, მაგრამ არანაირი სხვა ნიშანი აქ მომხდარი ისტორიისა
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ კოჯორში არის მხოლოდ იუნკერთა მემორიალი, მაგრამ არანაირი სხვა ნიშანი აქ მომხდარი ისტორიისა

98 წლის წინ დასრულდა ბრძოლა თბილისის გადარჩენისთვის, დაიღუპა იუნკერების ძალიან დიდი ნაწილი და ეს დღე ჩვენთვის ძალიან სამახსოვროა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  იუნკერთა მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იუნკერთა თავდადებით საქართველო გადარჩა.

„იმ დღეს დასრულდა ბრძოლა, მაგრამ არ დასრულებულა საქართველოსთვის ბრძოლა, რომელიც გრძელდება მისი დამოუკიდებლობისთვის.

მათი თავდადებით რეალურად გადარჩა საქართველო და დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა. ამისთვის უნდა ვიყოთ არა მხოლოდ მადლიერი, გვჭირდება, რომ ყოველდღიურად გვახსოვდეს.

ვწუხვარ, რომ კოჯორში არის მხოლოდ იუნკერთა მემორიალი, მაგრამ არანაირი ნიშანი არ არის იმ ისტორიის, რომელიც აქ მოხდა.

აქ თუ ამოვლენ ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები, უცხოელები, უნდა იცოდნენ, რა მოხდა, რომელი ბრძოლა გაიმართა, რა მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა, რატომ არის ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.