სალომე ზურაბიშვილი - ვმუშაობთ, რათა მოვნახოთ ფორმა, რომ დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში
სალომე ზურაბიშვილი - ვმუშაობთ, რათა მოვნახოთ ფორმა, რომ დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში

ჩემი საპარლამენტო მდივანი დღეს მუშაობს, რომ მოვნახოთ ფორმა, რომლითაც შეიძლება, დიასპორას ჰყავდეს ერთი ან ორი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რას ნიშნავს ემიგრანტებისთვის ყურადღების მიქცევა. მოქალაქეობა არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, კავშირი არ იყოს გაწყვეტილი. პირველი თაობა, ვინც წავიდა, არ დაკარგავს კავშირს, იმიტომ, რომ ჰყავს ნათესავები, ჰყავს თავისი მეგობრები ქვეყანაში, მაგრამ ვინც აქ დაიბადა, ჩამოვიდა პატარა ასაკში, ისინი დაკარგავენ ამ კავშირს, თუ არ არის ერთი სამართლებრივი კავშირი – პასპორტი მაქვს ქვეყნის და ვარ მისი მოქალაქე. მაგრამ ბევრი სხვა კავშირი უნდა არსებობდეს ქვეყანასთან. მე, მაგალითად, ვარ მომხრე, ეს ვთქვი ქვეყნის შიგნით და ამაზე ჩემი საპარლამენტო მდივანი დღეს მუშაობს, რომ მოვნახოთ ფორმა, რომლითაც შეიძლება დიასპორას ჰყავდეს ერთი ან ორი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ეს არის გავრცელებული პრაქტიკა სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ბევრი და რაოდენობრივად ძლიერი დიასპორები ჰყავთ – იტალია, საბერძნეთი, ამერიკა, საფრანგეთი. პარლამენტში ჰყავთ დიასპორის მიერ არჩეული წარმომადგენლები. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ ეს წარმომადგენლები, ეს პარლამენტარები იყვნენ თქვენი წარმომადგენლები. არავინ ქვეყნის შიგნით არ იცის და ვერ გაიგებს ისე კარგად, რა არის დიასპორის ინტერესები, თუ არა ადამიანი, რომელიც მოდის თქვენი რიგებიდან და არის მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის შერჩეული, რომ იყოს თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში. იმედი მაქვს, ამ საკითხზეც მოვახერხებთ იმას, რომ დავარწმუნო პარლამენტიდან ყოფილი კოლეგები, რომ არის აუცილებლობა და თქვენი როლიც არის, გამოხატოთ სურვილი, იყოთ უფრო აქტიური“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.