სალომე ზურაბიშვილი - ვმუშაობთ მოქალაქეობის აღდგენის გამარტივებაზე, ასევე გვინდა შეღავათების დაწესება ახალი პასპორტის ასაღებად
სალომე ზურაბიშვილი - ვმუშაობთ მოქალაქეობის აღდგენის გამარტივებაზე, ასევე გვინდა შეღავათების დაწესება ახალი პასპორტის ასაღებად

ვმუშაობთ მოქალაქეობის აღდგენის გამარტივებაზე, გვინდა, ასევე შევიტანოთ შეღავათები, რომ ახალი პასპორტის აღება არ იყოს ძალიან რთული და ფინანსურად მძიმე ბევრი ოჯახისთვის, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ბევრი ვიწვალეთ, რომ მიგვეღწია, ჯერ ადამიანების დარწმუნება და შემდეგ კონსტიტუციის მიღება, რომ აკრძალვა, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში მოქალაქეობაზე, აღარ არის და დღეს ყველას შეუძლია, იყოს საქართველოს მოქალაქეც და სხვა ქვეყნის მოქალაქეც. ეს არის ელემენტარული უფლება დღევანდელ მსოფლიოში, რაც პრაქტიკულად ყველა ევროპულ, განვითარებულ, დასავლურ ქვეყანაში მიღებულია. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ კონსტიტუციის და კანონის ცვლილებამ ჯერ არ მოიტანა ის შედეგი, რასაც ველოდით და ახლა ვმუშაობთ იმაზე, რაც იყო დაპირება, რეალურად იყოს შესრულებული, ანუ გამარტივებაზე მოქალაქეობის აღდგენის, როგორც დაკარგვის. ამაზე უნდა ვიმუშაოთ ამ დღეებში, შევიტანოთ ახალი ცვლილება კანონში, რათა უფრო ადვილი იყოს ყველასთვის, უკან მიიღოს მოქალაქეობა, რომელიც წართმეული იყო, მე ვიტყოდი უკანონოდ და არასამართლიანად. გვინდა, ასევე შევიტანოთ შეღავათები, რომ ახალი პასპორტის აღება არ იყოს ძალიან რთული და ფინანსურად მძიმე ბევრი ოჯახისთვის. მე დღეს დაპირებებს ვერ მოგცემთ, რადგან ეს არის მიმდინარე პროცესი, მაგრამ ამ კუთხით ვმუშაობთ, რომ მოქალაქეობის ცვლილება იყოს სრულყოფილი და არა ნაწილობრივი, როგორც არის ჯერ კიდევ დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.