სალომე ზურაბიშვილი - ვხედავთ, პოლარიზაცია როგორ ხლეჩს და ასუსტებს სახელმწიფოს, ვცდილობ, ამ დაპირისპირებაში არ შევიდე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში „ელჩების კონფერენციის“ მონაწილე ქართველ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლარიზაცია ხლეჩს და ასუსტებს სახელმწიფოს.
მისივე თქმით, ცდილობს, არ შევიდეს დაპირისპირებაში, რათა პრეზიდენტის ინსტიტუტი და მასთან ერთად სახელმწიფო სამიზნე არ გახდეს.
„ვხედავთ, პოლარიზაცია როგორ ხლეჩს და რაოდენ ასუსტებს სახელმწიფოს. ვცდილობ, არ შევიდე ამ დაპირისპირებაში, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორედ უნდა დარჩეს ამ პოლიტიკური ტოტალური ომის გარეთ, რათა ეს ინსტიტუტი არ გახდეს სამიზნე და ამასთან ერთად სახელმწიფო“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, პოლარიზაცია საელჩოებზე და ემიგრაციაზეც გავრცელდა.
„და ამით ერთად ვაყენებთ ზიანს ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს. როგორც მინიმუმი ის საკითხები, რომლებიც ყველასთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, ქვეყნის ერთიანობა, ევროატლანტიკური მისწრაფება, კულტურისა და ქვეყნის პოპულარიზაცია, ასე ვთქვათ, დაცულ ტერიტორიად უნდა გამოვაცხადოთ, ამ მიმართულებებით მაინც ვიმუშაოთ ერთად. მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამ საარჩევნო წელს შიდავნებათაღელვის მიუხედავად, საელჩოები შეძლებენ, შეინარჩუნონ ჩვენს ემიგრაციაში სიმშვიდე და ერთიანობა, რათა ქვეყნის გარეთ ერთად ვიმუშაოთ მთავარი მიზნების მისაღწევად. ამის იმედი მაქვს, თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს და თქვენს მთავარ მხარდამჭერად მიგულეთ, – მიმართა ელჩებს სალომე ზურაბიშვილმა და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.