სალომე ზურაბიშვილი - ვისურვებდი, მთლიანად, ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი წარმატებული, როგორიც არის დღეს სპორტი საქართველოში
სალომე ზურაბიშვილი - ვისურვებდი, მთლიანად, ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი წარმატებული, როგორიც არის დღეს სპორტი საქართველოში

ვისურვებდი, მთლიანად, ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი წარმატებული, როგორიც არის დღეს სპორტი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოებაზე, სპორტსმენებისადმი მიმართვის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა ყველას მიულოცა 2019 წელი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა ბევრი სიხარული, გამარჯვება და წარმატება.

„ეს მართლაც არაჩვეულებრივი წელი იყო. სურვილი მქონდა, ორბელიანის პრეზიდენტის სასახლეში მომეწვია ყველა სპორტსმენი, რომელიც დაჯილდოვდა 2019 წელს. გავიგე, რომ დაახლოებით 1 300 ჯილდო მივიღეთ სხვადასხვა შეჯიბრებში და მივხვდი, რომ ვერც ერთი სასახლე დაიტევდა ასეთ დიდ ღონისძიებას. ამიტომ ჩამოვედით ოქროს მედალოსნებზე და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონებზე. ეს არის არაჩვეულებრივი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ამით გავდივართ საზღვრებს გარეთ. თქვენ შეძელით, რომ საქართველო გახდა ძალიან შორეულ ქვეყნებში ცნობილი, როგორც ერთ-ერთი ძალიან სპორტული და სპორტში გამარჯვებული ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​მისივე თქმით, ქვეყნის ცნობადობა ასევე მოდის იმასთან ერთად, რომ ქართველმა სპორტსმენებმა საქართველოს დროშა არაერთხელ აღმართეს სხვადასხვა შეჯიბრებაზე.

„თითოეულჯერ ეს არის ძალიან დიდი სიამაყე არა მხოლოდ თქვენთვის. მთელი ჩვენი საზოგადოება ივსება სიამაყით და ეს ჩვენთვის, ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, არის ძალიან დიდი იმედი, საფუძველი მომავლის იმედისა და შემართების, რისთვისაც ყველას დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ. ეს არ არის მხოლოდ საზღვრის გარეთ, საზღვრის შიგნითაც თქვენ ხართ ყველაზე კარგი მაგალითი იმის, როგორ უნდა გაიზარდოს ჩვენი ახალგაზრდა თაობა, ჯანმრთელი, ჯანსაღი, წარმატებული და გამარჯვებული. ეს არ ხდება, რაც უნდა იყოს სახელმწიფოს ძალისხმევა – თუმცა, ესეც კეთდება და დიდი ფაქტორი არის ყველა გამარჯვების. მაგრამ, ეს არ ხდება, თუ ახალგაზრდები არ ხედავენ მაგალითებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიების ნომინანტ სპორტსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ადამიანები არიან ნათელი მაგალითი, რას შეიძლება მიაღწიო, თუ ამ საქმეში მთელ ენერგიას ჩადებ.

„ეს ყველაფერი არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, სპორტის ირგვლივ ძალიან ბევრი რამ იცვლება ამ ქვეყანაში. მე, პირადად, ვარ ძალიან ამაყი, როცა ამ ყველაფერს ვხედავ; ვარ ამაყი, როდესაც უცხოეთში ვიზიტებისას ახსენებენ დიდი პატივისცემით ჩვენს წარმატებებს სპორტში და ვისურვებდი, რომ მთლიანად, ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი წარმატებული, როგორიც არის დღეს სპორტი საქართველოში.

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს აქ ჩამოვა ძალიან ბევრი ოქროს მედალი და არა მხოლოდ ოქროსი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. მთავარი ისიცაა, რომ საზოგადოებაში გადავიტანოთ ის შემართება, რომელიც არის პროფესიულ სპორტში და დავანახოთ ახალგაზრდებს, რომ ყოველდღიურობაში არის საჭირო, რომ იყო დაკავებული სპორტის რომელიმე სახეობით მთელი ცხოვრების განმავლობაში. მე ჩემი პატარა კუთხიდან ვცდილობ, მივცე მაგალითი, რომ მუდმივად უნდა იყო დაკავებული სპორტით. ეს უკვე სპორტი არაა, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრებაა, სანამ შეგიძლია. ამით ადამიანი ხარ უფრო გამძლე ყველაფრის მიმართ. ჩვენს ქვეყანას ეს სჭირდება ყველაზე მეტად, რომ ყველანი ვიყოთ შეკრული, აქტიური, ჯანმრთელი და ისეთი საზოგადოება, რომელიც არის წარმატებაზე და გამარჯვებაზე მიმართული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა.