სალომე ზურაბიშვილი - მე ვიქნები თქვენი ელჩი ხელისუფლებასთან
სალომე ზურაბიშვილი - მე ვიქნები თქვენი ელჩი ხელისუფლებასთან

მთავარი არ არის, სად იქნება პრეზიდენტის სავარძელი, არამედ მთავარია, პრეზიდენტი ადგეს სავარძლიდან და გავიდეს ქალაქში, რეგიონებში, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბაღდათში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის ელჩი ხელისუფლებასთან, რომელიც არამხოლოდ არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგაც შეხვდება მოსახლეობას და მათ სათქმელს მიიტანს ხელისუფლებასთან.

„ვიქნები ბევრად უფრო მოკრძალებულ სასახლეში, მაგრამ მთავარი არ არის, სად ვიქნები და სად იქნება სავარძელი. მთავარი იქნება, რომ პრეზიდენტი ადგეს სავარძლიდან, გავიდეს ქალაქში, გავიდეს რეგიონში და არამხოლოდ ჩამოვიდეს ისე, როგორც ახლა ხდება, რადგან ეს არის იძულებითი ფორმა, სხვა ფორმა არავის გამოუგონია არჩევნებისთვის.

არჩევნების მერე ჩამოსვლა, არჩევნების მერე თქვენთან ერთად უნდა მოხდეს გააზრება, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის ქმედებები, როგორ უნდა მიიტანოს თქვენი სათქმელი ხელისუფლებასთან, პარლამენტი იქნება ეს თუ მთავრობა. როგორ უნდა მიიტანოს ის, რაც შეიძლება არ ესმით, ვერ ესმით, საკმარისად არ ესმით, ან ისე არ არის მიტანილი, როგორც უნდა იყოს. არამხოლოდ პრობლემის წარდგენით, არამედ გამოსავლის შეთავაზებით.

მე ვიქნები ამ მხრივ თქვენი ელჩი ხელისუფლებასთან, რომ ვეცადო და დავარწმუნო, რომ იმ მიმართულებებში, რომელთაც ერთად გამოვკვეთთ, საით გვინდა წავიდეთ, რა არის პრიორიტეტი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა საშუალებები გვაქვს, რომ ავაღორძინოთ აქ სოფლის მეურნეობა.

ტყუილად ლაპარაკი და ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები არაფერს არ გვაძლევს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა შეიძლება გავიდეს დღეს ქვეყნიდან. უნდა ვიცნობდეთ კარგად, როგორია მსოფლიო ბაზარი და რისი საშუალება გვაქვს, რომელი პრეფერენციებით შეიძლება შევიდეს ევროკავშირში და არამხოლოდ. ესენი კარგად უნდა ვიცოდეთ და მიზნობრივად მივდიოდეთ იქით, რაც მოგვცემს განვითარების შესაძლებლობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ახალგაზრდებსა და შშმ პირებზე მზრუნველი იქნება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი სურვილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყოს ადგილი შშმ პირებისთვის, რათა თავიანთ პრობლემებზე იმუშაონ და სათქმელი თავად მიიტანონ პრეზიდენტამდე.

„ბევრი გაკეთდა მათთვის, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანან ისინი ქალაქებში, ვერ ჩანან, მათთვის ყველა ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი ისე, როგორც არის ევროპაში, რომ ყველგან შეეძლოთ გადაადგილება და მოსვლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყოს ძალიან გამჭვირვალე და ყველამ იცოდეს, ვინ არის პრეზიდენტის გუნდი.

„მინდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც არის საკმაოდ გაბერილი, იყოს ძალიან გამჭვირვალე, ყველამ იცოდეს იქ ვინ არის, ვინ არის პრეზიდენტის გუნდი, რას აკეთებენ, როგორია ეს ორგანიზაცია. ცხელი ხაზი იქნება იმისთვის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ შეძლოს დაკავშირება, თავისი პრობლემების მიტანა პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე, რომელიც არ იქნება იმ უზარმაზარ სასახლეში, რომელიც აშენდა ამერიკის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის ომის შემდეგ გადმოცემული თანხით. იმის მაგივრად, რომ ეს თანხა გამოყენებულიყო უფრო ეფექტურად, ეკონომიკის განვითარებაზე, ამ ომის შემდეგ, მოხმარდა ამ სიმბოლოს, რომელიც საკმაოდ პრეტენზიულიც ჩანს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.