სალომე ზურაბიშვილი - მე ვიქნები ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის და არა კონფრონტაციის კერა
სალომე ზურაბიშვილი - მე ვიქნები ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის და არა კონფრონტაციის კერა

ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერა იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან სრულიად თავისუფალი გადაწყვეტილება, რისთვისაც მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ვანის კულტურის სახლში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიმართ ვალდებულება არ აქვს აღებული, თუმცა აპირებს, ხალხსა და ხელისუფლებას შორის ხიდის როლი იკისროს და არა კონფრონტაციის კერის.

„მე ვიქნები ხიდი თქვენსა და ხელისუფლებას შორის და არა კონფრონტაციის კერა. არა იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მე მხარი დამიჭირა და ამიტომ მაქვს რაღაც ვალდებულება აღებული და მოვიქცევი ისე, როგორც მონა-მორჩილი. არა, ჯერ ერთი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო თავისი გადაწყვეტილება ისე, რომ მე არაფერი მომეთხოვა. არანაირი წინაპირობა. ეს იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან სრულიად თავისუფალი გადაწყვეტილება, რისთვისაც მე ძალიან მადლობელი ვარ და ვიქნები. ასევე იყო სრულიად თავისუფალი გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან, რამეთუ ეს არ არის დაკავშირებული რამე აღებულ ვალდებულებასთან, რაც მე მერე დამაწვება კისერზე. ეს არის თანასწორი გაგება იმისი, რომ დღევანდელ საქართველოს სჭირდება ხელისუფლებასთან თანამშრომლობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე.