სალომე ზურაბიშვილი - ვინც საზღვარგარეთიდან ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული, ალბათ ფიქრობენ, დავნებდები, გავტყდები, მაგრამ ცდებიან
სალომე ზურაბიშვილი - ვინც საზღვარგარეთიდან ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული, ალბათ ფიქრობენ, დავნებდები, გავტყდები, მაგრამ ცდებიან

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბროლაურში მოსახლეობას შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან საუბარი მის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული კამპანიის შეფასებით დაიწყო.

„საარჩევნო კამპანიას როდესაც ვიწყებდით, დიდი იმედი მქონდა, რომ ეს იქნებოდა პირველი, მეტნაკლებად ევროპული საარჩევნო კამპანია, მაგრამ ხედავთ, საპრეზიდენტო კამპანია რა არაჯანსაღად მიმდინარეობს. პატრიარქმა განცხადება სწორედ ამ კამპანიის შესახებ გააკეთა. ქვეყანას, პირველ რიგში, სიმშვიდე სჭირდება. ალბათ, ვინც საზღვარგარეთიდან ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული, ფიქრობენ, რომ როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, მართალია, მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილი, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი და თან ქალი, დავნებდები, გავტყდები, მაგრამ ცდებიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ემიგრაციასა და რეგიონში ტურიზმის განვითარების საკითხებზეც ისაუბრა.

„თუ ამირჩევთ, ვიქნები ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ორიენტირებულია შედეგის დადებაზე. მინდა, მივხედო საკითხს, რომელიც ყველას ძალიან გვაწუხებს, ეს არის ემიგრანტების საკითხი. არის ადგილები, მაგალითად, მესტიასა და ყაზბეგში, სადაც ტურიზმის განვითარებამ ახალგაზრდები რეგიონში დააბრუნა და სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ბიზნესპროგრამებით. იმედი მაქვს, სხვა რეგიონებშიც მალე იგივეს ვიხილავთ. ჩვენთან, ყველა რეგიონშია შესაძლებელი, იპოვო რაღაც ნიშა, რომელიც ტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს. როცა იცი, კონკრეტულად რომელ რეგიონში რა სახის ტურიზმია მომგებიანი, უფრო ადვილია ინვესტორის მოძიება და დაინტერესება. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო სასახლეში მჯდომი პრეზიდენტი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სასახლეზე იქნება საუბარი. ვაპირებ, ხშირად ჩამოვიდე და მოგისმინოთ. მე უკვე ვეძებ პატარა რაჭულ სახლს, რათა ხშირად ჩამოვიდე და თქვენგან მოვისმინო იმ პრობლემების შესახებ, რომლის გაგებას აქ, ადგილზე ყოფნა სჭირდება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისი განცხადება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არასწორად გავრცელდა საზოგადოებაში.

„ჩემი განცხადება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მედიამ არასწორად გაავრცელა. მომხრე ვარ დეკრიმინალიზაციის, რადგან არ მინდა ძალოვანმა სტრუქტურამ ადამიანები თავისი დაავადების გამო, ციხეში ჩასვას და შემდეგ მათზე იძალადოს. საბედნიეროდ, დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ლეგალიზაციას. ვთქვი, რომ კარგია, როდესაც მუშავდება ისეთი რეგულაციები, რომელიც მკაცრ ჩარჩოებში ჩასვამს დეკრიმინალიზაციას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.