სალომე ზურაბიშვილი - ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის გამო, რომ კიდევ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში ვცხოვრობთ
სალომე ზურაბიშვილი - ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის გამო, რომ კიდევ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში ვცხოვრობთ

დიდი იმედი მაქვს, ჩემი პრეზიდენტობის დროს აღარ გვექნება ურთიერთობა ამ რაღაც ჩანაწერებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარისას განაცხადა.

„ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის გამო, რომ კიდევ ვცხოვრობთ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში, როცა გაუთავებლად ვიღაც დებს რაღაც ჩანაწერებს.

დიდი იმედი მაქვს, ჩემი პრეზიდენტობის დროს მართლაც დასრულდება ეს საბჭოთა პერიოდი და ჩვენ აღარ გვექნება ურთიერთობა ამ რაღაც ჩანაწერებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.