სალომე ზურაბიშვილი - ვერ ვიქნები საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი, ორი ტერიტორია გვაქვს ოკუპირებული, მთავრობა გრძნობს პასუხისმგებლობას და პრინციპებზე საუბარი არ არის იოლი დასაბალანსებლად
სალომე ზურაბიშვილი - ვერ ვიქნები საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი, ორი ტერიტორია გვაქვს ოკუპირებული, მთავრობა გრძნობს პასუხისმგებლობას და პრინციპებზე საუბარი არ არის იოლი დასაბალანსებლად

ვერ ვიქნები საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი. ორი ტერიტორია გვაქვს ოკუპირებული, ჩვენი მოსახლეობა განიცდის ამ საკითხს, საქართველოს მთავრობა გრძნობს პასუხისმგებლობას და პრინციპებზე საუბარი არ არის იოლი დასაბალანსებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, უკრაინის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის თაობაზე „ბიბისის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„ბიბისის“ წარმომადგენელმა საქართველოს პრეზიდენტს კითხვა დაუსვა, ეთანხმება თუ არა პრეზიდენტი „საქართველოს მთავრობის პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან მიმართებაში“.

„საქართველოს პრეზიდენტის რანგში ჩვენ არ გვქონია განხილული საქართველოს პრეზიდენტის რეზოლუცია, არც ის მიდგომა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ემხრობა. მე მივყვები ჩემ პრინციპებს, როდესაც წარმოვადგენ საქართველოს პოზიციას, როგორც სახელმწიფოს პოზიციას, ეს ცხადად ვახსენე. რაც შეეხება პრაგმატულ მიდგომას, მე ვერ ვიქნები პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი. უკვე ვახსენე, რომ ორი ტერიტორია გვაქვს, რომელიც ოკუპირებულია. ჩვენი მოსახლეობა განიცდის ამ საკითხს, ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთსა და ცხინვალში, რომლებიც ქართულ ენასთან და სხვა ქართულ რეალობასთან წვდომას ვერ ახორციელებენ, აფხაზურ ენაზე ვერ ახორციელებენ ურთიერთობას. აქტიური საქმიანობა მიმდინარეობს ორივე ტერიტორიაზე, სამხედრო შენაერთებია. ეს ანექსიის მიმართულებით მიდის, მაგრამ მთავრობა პასუხისმგებელია, გრძნობს პასუხისმგებლობას და პრინციპებზე საუბარი, ეს არ არის იოლი დასაბალანსებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, „ბიბისის“ ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს კითხვა დაუსვა, ხედავს თუ არა, 2008 წლისა და 2022 წლის სცენარებს შორის მსგავსებას.

„უპირველეს ყოვლისა, დეჟავუს შეგრძნება მაქვს, განსხვავება, რა თქმა უნდა, არსებობს სცენარებს შორის, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორიც 2021-2022 წლებშია. ელემენტები აშკარაა განსხვავების, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, შესავლის გარეშე. დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ პუტინმა განაცხადა ტელევიზიით, ყველასთვის შემაშფოთებელი იყო. არამარტო საქართველო, არამედ მთელი ევროპა ასე გრძნობს. მთელი მსოფლიოსთვის გასაზიარებელია პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია. მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს არამარტო საქართველო ან უკრაინა არის აქ ყურადღების ცენტრში, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.