სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში რამდენიმე მუზეუმის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო
სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში რამდენიმე მუზეუმის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი ჰოლოკოსტის მუზეუმსა და ვარშავის აჯანყების მუზეუმს ეწვია. სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის აჯანყებისას დაღუპული პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კულტურის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საჭიროება მუზეუმების განვითარებაში თანამედროვე ნარატიული მუზეუმების შექმნაა. მისი თქმით, ამ მიმართულებით პოლონეთს მდიდარი გამოცდილება აქვს.

,,თვენახევრის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცნობილი პოლონელი მუზეოლოგის, ვარშავის ებრაული მუზეუმის ავტორის პრეზენტაციას უმასპინძლა, რომელიც მცხეთის მუზეუმის განვითარების კონცეფციას შეეხებოდა. პრეზიდენტის სურვილია, პოლონეთთან და მის მუზეოლოგებთან გაღრმავდეს თანამშრომლობა, საქართველოში დაინერგოს პოლონური გამოცდილება, რათა მათი ხელშეწყობით შევძლოთ რეგიონული მუზეუმების განვითარება. ამის ერთ-ერთი მაგალითია მცხეთის მუზეუმი და მისი კონცეფცია”, – განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, მეორე მიმართულება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის კულტურული პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მუზეუმში ვიზიტს ეხება, თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობაა, რაც პრეზიდენტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

,,ჩვენი მიზანია საქართველოში განვითარდეს თანამედროვე ხელოვნების სამუზეუმო სივრცე და ხელი შეეწყოს სახელოვნებო ბაზრის განვითარებას ქვეყანაში, რათა საქართველომ დაიბრუნოს თავისი ისტორიული როლი რეგიონში”, – აღნიშნა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.