სალომე ზურაბიშვილი - ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელოდება
სალომე ზურაბიშვილი - ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელოდება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელოდება.

ამასთან, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის თხოვნა მიღებულია და ეცდება, ამ საკითხზე მის კოლეგებთან ერთად შესაბამის შედეგს მიაღწიოს.

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზეც საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება.

ამასთან, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე.

შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების კონკრეტული და პრაგმატული ნაბიჯების შესახებ, რომლებზეც ერთობლივად მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა და ჩამოსვლისთვის მზაობა გამოთქვა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი