სალომე ზურაბიშვილი - უკვე არის პირველი ნიშანი, რომ ჩვენი პარტნიორები მხოლოდ სხვა კონფლიქტზე არ საუბრობენ, მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობენ და საქართველო ბრუნდება ამ დღის წესრიგში
უკვე არის პირველი ნიშანი, რომ ჩვენი პარტნიორები მხოლოდ სხვა კონფლიქტზე არ საუბრობენ, მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობენ და საქართველო ბრუნდება ამ დღის წესრიგში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან გაერო-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ გამართული შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამის შმდეგ არაერთი განცხადება გაკეთდა საქართველოს და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
„იყო ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ორ მთავარ თემას. ნათელია, რომ ჩვენი პრიორიტეტი იყო კონფლიქტების თემა, რადგან გაერო-ს გენერალურ მდივანთან და ჩვენს ყველა პარტნიორთან შეხვედრის დროს მთავარი არის, რომ საქართველოს საკითხი, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები დავაბრუნოთ დღის წესრიგში, რათა არ იყოს იმის მცდელობა, რომ უფრო ახალმა კონფლიქტმა გააქროს და დაავიწყებინოს ის, რაც არის ჩვენი მთავარი ტკივილი. ამას ვამბობ კიდევ უფრო დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს.
ჩვენთვის რაც არის ყოველდღიური ტკივილი, უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების მიერ კარგად გაგებული, რამეთუ მცდელობები არ შეწყდეს, რომ მივაღწიოთ ამ კონფლიქტების გადაწყვეტას, მივაღწიოთ იმას, რომ უფრო ჩართული იყვნენ ჩვენი პარტნიორები; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეძლოს, მთელი თავისი მანდატის შესატყვისად იყოს განლაგებული მთელ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზზე. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი მოთხოვნა. მეორე არის, ჟენევის ფორმატი დაუბრუნდეს თავის პირველად ფორმატს, რომელიც იყო მაღალი პოლიტიკური დონის ან სხვა ფორმატს, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ დონეზე იყოს განხილული ეს საკითხები, ოკუპირებული ტერიტორიები და არა, როგორც რაღაც ტექნიკურ დონეზე, რაც რეალურად არაფერს წყვეტს და არის მხოლოდ რაღაც განმეორებითი შეხვედრების ადგილი.
ეს ყველაფერი მე მგონი ნელ-ნელა კიდევ უფრო კარგად არის გაგებული ჩვენი პარტნიორების მიერ. ჩვენი ორმხრივი შეხვედრების მერე არაერთი განცხადება გაკეთდა საქართველოს და კონფლიქტების შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს არის უკვე პირველი ნიშანი იმისა, რომ მხოლოდ სხვა კონფლიქტზე არ საუბრობენ, მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობენ და საქართველო ბრუნდება ამ დღის წესრიგში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, კიდევ ერთი თემა, რომელზეც ორმხრივი შეხვედრებისას გამახვილდა ყურადღება, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაა.
„მეორე თემა არის ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და ასევე, თხოვნა ჩვენი პარტნიორებისადმი, რომ ისინი იყვნენ უფრო ჩართულნი იმაში, რომ ერთად მოვძებნოთ გზები, როგორ უნდა იყოს საქართველოს პრაქტიკული ინტეგრაცია დღევანდელ ევროკავშირში, რომელსაც თავისი გარკვეული პრობლემები აქვს და ამდენად, დღეს არ არის მზად იმისათვის, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდებით. მაგრამ, ჩვენ ვიმუშავეთ ამ მიმართულებით, ზუსტად ვიცით, რომელ პროგრამებში, რომელ პოლიტიკებში გვინდა, გავწევრიანდეთ და იყოს დე ფაქტო ინტეგრაცია და ამ გზაზეც, მე ვიტყოდი, რომ გარკვეულწილად, მოგვყვებიან ჩვენი პარტნიორები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.