სალომე ზურაბიშვილი - უკრაინა არის მაგალითი, როცა ქვეყანა ერთიანია, გვერდზეა გადადებული პოლარიზაცია, მაშინ ქვეყანა არის ძლიერი და შეიძლება, ყველაფერს გაუძლოს
სალომე ზურაბიშვილი - უკრაინა არის მაგალითი, როცა ქვეყანა ერთიანია, გვერდზეა გადადებული პოლარიზაცია, მაშინ ქვეყანა არის ძლიერი და შეიძლება, ყველაფერს გაუძლოს

უკრაინა არის მაგალითი, როცა ერთიანია ქვეყანა. როდესაც გვერდზეა გადადებული პოლარიზაცია და ყველაფერი, რაც ერთმანეთს გვაპირისპირებს, მაშინ არის ძლიერი ქვეყანა და შეიძლება, ყველაფერს გაუძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინამ ყველას აჩვენა, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის დაცვა.

„ამ ათი თვის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, სამხედრო პირებმა, მთელმა საზოგადოებამ გვაჩვენა, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის დაცვა, რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა და არა მხოლოდ თავიანთი, საკუთარი თავისუფლების, არამედ მთლიანად ევროპის და ჩვენი, საქართველოსი, როგორც ამ სივრცის ნაწილის თავისუფლების დაცვა. რას ნიშნავს, როდესაც მთელი საზოგადოება არის გაერთიანებული. ამას ვამბობ არა მხოლოდ ზოგადად, ასევე საქართველოსთვის: უკრაინა არის მაგალითი, როცა ერთიანია ქვეყანა. როდესაც გვერდზეა გადადებული პოლარიზაცია და ყველაფერი, რაც ერთმანეთს გვაპირისპირებს, მაშინ არის ძლიერი ქვეყანა და შეიძლება, ყველაფერს გაუძლოს და მართლაც, ყველაფერს უძლებს. ამ წუთებშიც არის ძალიან ძლიერი იერიში უკრაინის წინააღმდეგ, ზაპოროჟიესა და სხვა ადგილებში, მაგრამ ამასაც გაუძლებს უკრაინა, გაუძლებს თუნდაც ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას, რადგან ერთიანია უკრაინა და იბრძვის თავისი ქვეყნისთვის და სამართლისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.