სალომე ზურაბიშვილი - უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტები ჩვენი ქვეყნის კაპიტალს წარმოადგენენ, შეიძლება ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ, მივცეთ მათ დაბრუნების ყველა საშუალება  
სალომე ზურაბიშვილი - უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტები ჩვენი ქვეყნის კაპიტალს წარმოადგენენ, შეიძლება ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ, მივცეთ მათ დაბრუნების ყველა საშუალება  

მთავარია, ემიგრაცია, დიასპორა მთლიანად იყოს ჩართული ქვეყნის ცხოვრებაში, რათა თვითონ არ გრძნობდეს, რომ არის სხვა და არ არის მიღებული, როგორც სრულფასოვანი ნაწილი ამ საზოგადოების. ჩვენი მოვალეობაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი საშუალება არსებობს, რომ ამ კუთხით დღეს ბევრად უფრო ჩართული იყოს დიასპორა ქვეყნის ყოველდღიურ საქმიანობასა და მშენებლობაში.

„უპირველესად, მინდა აღვნიშნო საკითხი, რომელიც ძალიან მაწუხებს. ეს არის უცხოეთში მყოფი სტუდენტები, რომლებსაც ყველანი ვხვდებით, როცა ვიზიტებით ვართ უცხოეთში. ისინი წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდ კაპიტალს და ჩვენ შესაძლოა დღეს კიდევ ვერ ვახერხებთ იმას, რომ მათ მივცეთ ყველა საშუალება, დაბრუნდნენ და ჩაერთონ სახელმწიფო სამსახურში იმ დონეზე, რამდენადაც გვჭირდება. აქ შეიძლება ჩვენ პრიორიტეტებს ისე არ ვუსახავთ, რომ იცოდნენ რა მიმართულებით, სად, როგორ ისწავლონ იქ, სადაც საჭირო არის ქვეყნისთვის, ვთქვათ ოთხ წელიწადში, ხუთ წელიწადში. ანუ ის ბაზარი, მოთხოვნა უნდა იყოს უფრო შეთანხმებული, რომ ჩვენ მზად ვიყოთ, როცა ამთავრებენ სწავლას და სურვილი აქვთ დაბრუნდნენ და ჩაერთონ ქვეყნის ცხოვრებაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ მხრივ მეორე მნიშვნელოვანი დარგია კულტურა.

„ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რომ ჩვენ ერთად ვემსახუროთ საქართველოს კულტურას შიგნით და გარეთ. ძალიან ბევრი საშუალებაა. შარშან იყო ფრანკფურტის ფორუმი, რომელიც გახლდათ ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება იყოს წარმოდგენილი საქართველო ევროპაში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მომავალ წელს ბრიუსელში, შემდეგ კი პარიზში იქნება ბევრი საშუალება,  რომ საქართველო გამოჩნდეს და მნიშვნელოვანია, უცხოეთში მყოფი ქართველები იყვნენ ამ საქმეში მაქსიმალურად ჩართული.

„ძალიან საჭიროა, ყველა ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი შემოქმედი პიროვნებები ჩართული იყვნენ ასეთ საქმიანობაში. ასევე კინო, და ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებაა, სადაც საქართველო არის წარმოდგენილი. ვახსენე სპორტი და ვფიქრობ, ყველა ვხედავთ, ჩვენი სპორტსმენები ხან აქ გამოდიან ქართული დროშის ქვეშ, ხან საზღვარგარეთ, მაგრამ ისინი არიან მაინც საქართველოს სახელით მსახურნი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მაგალითად, ინიციატივით გამოვიდოდი, რომ ეს ფორუმი, რომელიც რამდენიმე წელია ტარდება თბილისში, მომავალ წელს ჩატარდეს რეგიონში, რომ თქვენც დაინახოთ ახლოდან, რა ახალი მიდგომებია, რა ახალი ინვესტიციებია, რა ახალი საშუალებები და დიდი პოტენციალი დევს საქართველოს რეგიონებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ საჭიროა რეგიონული ურთიერთობების ხელშეწყობა.

მისი თქმით, ეს შესაძლოა თვითმმართველობების დონეზე გაკეთდეს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენები, რომლებიც ქუთაისიდან ხორციელდება, ამ მხრივ არის ძალიან სერიოზული ახალი პოტენციალი ქვეყნისთვის, რაც ხელს უწყობს, რომ რეგიონებთან კავშირი უფრო მარტივი და პირდაპირი იყოს.