სალომე ზურაბიშვილი - თუ გვინდა, ვიყოთ აღიარებული როგორც დემოკრატიული ქვეყანა, არჩევნების წაგებას უნდა შეეგუო
სალომე ზურაბიშვილი - თუ გვინდა, ვიყოთ აღიარებული როგორც დემოკრატიული ქვეყანა, არჩევნების წაგებას უნდა შეეგუო

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ინაუგურაციის გეგმა ყოველდღიურად იცვლება. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გეგმა იცვლება ყოველდღიურად. გმირთა მემორიალს რაც შეეხება, წესის მიხედვით, მივალ გმირთა მემორიალთან და ასევე მივალ მთაწმინდაზე“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ინაუგურაციას საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.

„როგორ არ არის მისი სტუმრობა დაზუსტებული. მოსაწვევები მიდის თავისი რეჟიმით, მიღებული აქვს თუ არა, არ ვიცი. სწორედ ახლა ვსაუბრობდით პრეზიდენტის პროტოკოლთან, გავიარეთ ყველა დეტალი. პრეზიდენტი დაესწრება და მას აქვს თავისი როლი ინაუგურაციაზე“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას გულისხმობს, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ ამაზე პასუხს არ გასცემს, რადგან არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა.

„არაფერს არ ვუპასუხებ მათ, არჩევნები აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. 16 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია თელავში. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ აღიარებული როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ყველა უნდა შეეგუოს – როცა არჩევნები წაგებულია, ეს უნდა აღიარო“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.