სალომე ზურაბიშვილი - ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემთხვევაში, საქართველოს საკითხი დღის წესრიგში უნდა იყოს
სალომე ზურაბიშვილი - ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემთხვევაში, საქართველოს საკითხი დღის წესრიგში უნდა იყოს

საქართველოს პრეზიდენტს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის ნატო-სთან კავშირის განმტკიცება სურს, – ამ სათაურით სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. გამოცემა ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ბრიუსელში და განსაკუთრებულ ყურადღებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე ამახვილებს.

„საქართველოს პრეზიდენტს, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, ნატო-სთან კავშირების განმტკიცება სურს. მეტიც, მისი სურვილია, საქართველო სტრატეგიებზე მუშაობის და ტრეინინგების ჰაბად აქციოს, რათა რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინული გემების გამო რეგიონში არსებული დაძაბულობა განიმუხტოს“, – წერს Financial Times-ი.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილს სურს, რომ ალიანსი საქართველოს კიბერუსაფრთხოების ამაღლებაში დაეხმაროს. მისივე თქმით, შავი ზღვის გავლით ევროკავშირთან ვაჭრობის განვითარება მისი ერთ-ერთი მიზანია.

„რაც მეტს ვიღებთ ნატო-სგან, მით უფრო დაცულები ვართ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გამოცემასთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას სურს ვაშინგტონში გამგზავრება და „როგორც კი მიწვევას მიიღებს“, ვაშინგტონში აუცილებლად ჩავა.

„ჩვენ გვსურს, საქართველოს ანგარიში გაუწიონ. ჩვენ უნდა მოგვისმინონ, რადგან, თუ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს შეხვდება, საქართველოს საკითხი მოლაპარაკებების დღის წესრიგში იყოს“, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.